четверг, 12 марта 2009 г.

ჩვენს შესახებ



ქუთაისის №12 საჯარო სკოლის პროექტი "ჩემი საცხოვრებელი ადგილი"-" ბალახვანი მომავალი თაობის თვალით".
პროექტზე სამუშაოდ ჩამოყალიბდა ორი გუნდი:
პირველი გუნდი
ხელ–ლი: შორენა ვარდანიძე (ისტ მენეჯერი)
1.ლორენა მაისურაძე
2.თათია ბერეკაშვილი
3.ნიკა ხიდეშელი
4.ნანა იგნატენკო
5.სალომე გორგოძე

მეორე გუნდი
ხელ–ლი : ირმა შიშინაშვილი(ქართული ენა და ლიტ–რა)
1.ნათია სინატაშვილი
2.ლანა მაისურაძე
3.სოფიკო ლილუაშვილი
4.თეონა ჯანელიძე
5.მეგი ფიფია
ორივე გუნდი დიდი შემართებით შეუდგა პროექტზე მუშაობას. გაგაცნობთ მათ პირველ მოსაზრებებს, მიზნებსა და სურვილებს:






  • "პროექტმა ჩემი საცხოვრებელი ადგილი ჩვენს ჯგუფში დიდი ინტერესი გამოიწვია. გადავწყვიტეთ ინტერვიუ ჩაგვეწერა ერთ–ერთ გამოჩენილ ბალახვნელთან გონერი ჭეიშვილთან. ეს იდეა ყველას მოეწონა და ყველას მოუნდა ამ ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა ეს საქმე ოთხმა ბავშვმა ავირჩიეთ. გონერი ჭეიშვილი სავმაოდ საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა"–––თეონა ჯანელიძე.




  • " პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა დავალებები მივიღე, რომლის შესრულებამ დიდი გამოცდილება მომცა. სასიამოვნი იყო ამ პროექტზე მუშაობა"–––ლორენა მაისურაძე.




  • "ეს პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. პროექტზე აქამდე არასდროს მიმუშავია. ეს, ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. როგორც ყველამ, მეც შევიტანე ჩემი წვლილი და თემას ვწერ. ეს თემა საინტერესო უნდა გამოვიდეს და ყველანაირად ვეცდები კარგად დავწერო და ეს პროექტსაც კარგად წარმოაჩენს"–––მარი კლდიაშვილი




  • "ამ პროექტმა ძალიან დიდი ცოდნა შემძინა, დავდიოდი ინტერვიუზე, ბევრი რამ შევიტყვე ბალახვნის შესახებ და ვისურვებდი ,რომ ასეთი პროექტები ხშირად გაკეთდეს. რადგან, მუშაობის პროცესში ბევრი რამ ვისწავლე, რაც მომავალში გამომადგება ამა თუ იმ საკითხში"–––სალომე გორგოძე.




  • " მასწავლებელმა დაგვავალა პროექტის გაკეთება. მე პირადად, ძალიან გამეხარდა, რადგან პროექტზე არასოდეს მიმუშავია. პროექტის სახელი იყო " ჩემი უბანი" და ქუთაისის ერთ–ერთ უბანზე, ბალახვანზე უნდა მოგვეპოვებინა ინფორმაცია. ზოგი ინტერვიუს იღებდა ამ უბნის მცხოვრებ ხალხთან, ზოგი ძველი და ახალი ბალახვნის შესახებ აგროვებდა სხვადასხვა მასალებს. ჩვენ ,ოთხ ბავშვს, დაგვევალა ინტერვიუს აღება ბალახვნის უხუცეს ქალთან, ანიკო არველაძესთან. ინტერვიუმ კარგად ჩაიარა და ინფორმაციაც შევაგროვეთ"––– თათია ბერეკაშვილი.




  • "პროექტზე მუშაობა ადრე ჩვენი კლასისათვის უცხო იყო, მაგრამ შემდეგ ქართულის მასწავლებელმა მოგვცა დავალება, რომ უნდა გვემუშავა პროექტზე. მე ძალიან მომეწონა და დიდი ინტერესი გამიჩნდა ამ დავალების მიმართ. სამუშაოში ჩართული იყო მთელი კლასი, ზოგს მოჰქონდა ძველი ბალახვნის სურათები, ზოგმა საინტერესო მასალები მოიპოვა ბიბლიოთეკაში. ჩემი აზრით ამ პროექტზე მუშაობა კარგ შედეგს გამოიღებს"––ნანა იგნატენკო .




  • "ამ პროექტის განხორციელება თავისებურად, ყოველმხრივ კარგი იყო. ბავშვებს მოგვიწია ინტერვიუზე წასვლა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. რაც მე, პირადად, დამეხმარა ახალი კლასელების უკეთ გაცნობაში. ეს საუკეთესო დღეები მუდამ გამყვება ჩემი ცხოვრების ტკბილ მოგონებებად"–– სოფო ლილუაშვილი.







вторник, 3 марта 2009 г.

მხატვრული შემოქმედება " ჩემი ბალახვანი"

***************



დილის მზე თავის სხივებში ხვევს ქუთაისის ერთ ლამაზ უბანს. თითქოს უნდა თვალები დაუკოცნოსო და მიელამუნოსო თავისი ცხოველმყოფელი სხივებით. ისიც ღამის ბურუსს თავს აღწევს და დილის მზის სხივებს ეგებება. ეს ბალახვანია... ერთი პატარა, ლამაზი უბანი, სადაც ხალხიც თბილია და მზეც. მართალია ბალახვანში არ ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან მიყვარს. აქ ხომ ჩემი სკოლაა, სადაც გავიზარდე. მას ხომ უამრავი სასიქადულო მამულიშვილი აღუზრდია, თუნდაც ის,რომ აქ გაბრიელ ეპისკოპოსი მოღვაწეობდა, ჩვენი მამა გაბრიელი. ეს უბანი იმითაც გამოირჩევა,რომ საოცრად კეთილი ხალხი ცხოვრობს. რა ლამაზად ჟღერს ბ ა ლ ა ხ ვ ა ნ ი, ლექსის დაწერა რომ შემეძლოს, აუცილებლად შევასხამდი ხოტბას, მაგრამ ამ თემით იმედია, ცოტათი მაინც შევძელი მისი სილამაზის წარმოჩენა. თუმცა ეს ხომ ზღვაში წვეთია. აი, დადგება, ჩამოწვება ბინდი და ისიც ემზადება ახალი დღისათვის...



მარიამ კლდიაშვილი



**************



" ბალახვანს ესმის ჩემი სიმღერა, ჭომის ბაღებში ხარობს ვარდები..."– ღიღინებენ ქუთათურები. ბალახვანი, ეს ხომ ქუთაისის ერთ–ერთი ძველი კოლორიტული უბანია, ქალაქის სიამაყე და მშვენება. მხოლოდ აქ არის მთელს ქალაქში ერთადერთი ხედი–ასსაფეხურიანი კიბე, რომლის თავზეც ამაყად დგას ძველი სადგური. აქ, ამ ე.წ." სადგურის კიბეებთან" იმართება ბევრი კონცერტი ადგილობრივი თუ ჩამოსული სტუმრების მიერ გამართული. შეუდარებლად ლამაზია გაზაფხულზე ამწვანებული და ზამთარში თეთრი ნამქერით დაფარული ეს ხედი, ბალახვნის მოედნიდან დანახული.



მიყვარს ეს უბანი, თუმცა აქ არ ვცხოვრობ, მაგრამ ვსწავლობ მე–12 საჯარო სკოლაში და ამდენად ყოველდღიური ცხოვრება მაკავშირებს მასთან. მოედნის ერთ კუთხეში შენიშნავთ პატარა ოთახს, რომელიც მუდამ ღიაა, თავზე კი ეკლესიის გუმბათი ადგას. აქ ძველი, წასული ბალახვნელების ხსოვნის ამსახველი სურათებია და შესაბამისად ლექსებიც, რითაც უკვდავყოფენ მათ ხსოვნას:" ბალახვნელო არწივებო, გაფრენილო ზეცაში..."– გულნატკენი ამბობს ავტორი. აქ ჩანს ამ უბნელების სითბო და სიყვარული.



ბალახვანს მთელ სიგრძეზე გასდევს წერეთლის ქუჩა, სადაც ძველთაგანვე ძმურად ცხოვრობენ ქართველი, აისორი და ებრაელი ხალხი. დღეს ქალაქთან ერთად ეს უბანიც იზრდება დალამაზდება, ინგრევა ძველი შენობები და შენდება ახალი ბინები. ბალახვნელთა სასახელოდ ხიდია თავში აშენდა მართლმადიდებლური ეკლესია, შენდება საცხოვრებელი სახლი, გაიხსნა"ენების სკოლა" და სხვა. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა... ამიტომ მინდა ვთქვა, რომ სადაც უნდა ვიყო, ბალახვნის ხსენებაზე ყოველთვის ვიტყვი–" ჩემი ბალახვანი".



თეო ჯანელიძე



**********



ქუთაისის უბნებს შორის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ბალახვანი,სადაც დავიბადე და გავიზარდე.ეს უბანი განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ალვის ხეებს ოქროსფერი ფოთლები ცვივა და ჰაერში შემოდგომის სუნი ტრიალებს. ეს ყველაფერი ჩემში დიდ აღტაცებას იწვევს. ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე გავხედავ ჩემს ლამაზ ეზოს, საიდანაც ჩანს ჩემი სკოლა,რომელიც ერთი საუკუნისაა.როგორც ვიცი, მის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის გაბრიელ ეპისკოპოსს. დღევანდელი მე–12 საჯარო სკოლა, თავიდან ქალთა სასწავლო გიმნაზია ყოფილა, რომელიც წლების შემდეგ ქალთა და ვაჟთა სასწავლებლად გადაიქცა.მე ძალიან მეამაყება,რომ ვსწავლობ ისეთ სკოლაში რომელიც დიდ ისტორიას ატარებს. რაც შეეხება ბალახვნის ქუჩებს იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა.ახალგაზრდები ვიკრიბებით და ვერთობით, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, ვსეირნობთ ბალახვნის ხიდზე. ხოლო რაც ამ უბნის სახელწოდებას ბალახვანს შეეხება უხუცესებისაგან გამიგონია,რომ დღევანდელი ბალახვნის ტერიტორიაზე იყო ჭაობი და ბალახები. ამ შემთხვევასთან დაკაშირებით დაურქმევიათ ეს სახელი–" ბალახვანი". მე ძალიან მიყვარს , ჩემი უბანი და ყოველთვის შევეცდები, რომ ჩემს საყვარელ უბანზე ყველას ვესაუბრო და გავაგებინო თუ რა კარგია აქ ცხოვრება.



ალეკო კორძაია





********



ქუთაისს ბევრი ძველი უბანი აქვს. განსაკუთრებულად გამოვარჩევ ბალახვანს. ბალახვანი თავისი ძველი და ახალი შენობებით ძალზედ გამოირჩევა. მას აქვს დიდი ისტორია.ბალახვანში ცხოვრობენ სხვა ეროვნების ადამიანები. მაგალითად აისორები. ამ უბანში ცნობილია № 12 საჯარო სკოლა, რომელიც აგერ უკვე ერთი საუკუნისაა. ძველად თურმე, დღევანდელი ბალახვნის ტერიტორიაზე მხოლოდ ჭაობი და ბალახით სავსე ადგილი ყოფილა. აქედან დაერქვა მას " ბალახვანი".



საკმაოდ დიდი ხანი ვცხოვრობდი ბალახვანში. ვერ წარმომიდგენია თუ ასე შეიცვლებოდა ეს უბანი. გალამაზდებოდა შენობები, აშენდებოდა ახალი მაღაზიები, ასე სწრაფი ტემპით შეცვლიდა ხალხი თავის ცხოვრებას და საყვარელ უბანს. აგერ უკვე 9 წელია ბალახვანში №12 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. მე ყოველდღე მიწევს აქ სიარული. იმდენად დიდია ჩემი სიყვარული ამ უბნის მიმართ,რომ ვცდილობ ყოველდღე გავიარო, გადავხედო ახალ შენობებს, რომელმაც ძალიან გაალამაზა და დაამშვენა ჩვენი ბალახვანი.



თითქმის ყოველთვის ვცდილობ შევხვდე ჩემს მეგობრებს და ყოფილ მეზობლებს, რომლებთანაც ბალახვანი მაკავშირებდა. ამ უბანში გატარებული თითოეული დღე, თითოეული საათი, ყოველთვის მემახსოვრება, მიუხედავად იმისა ,ბალახვანში ვსწავლობ და იქ ვატარებ ჩემი ცხოვრების მთავარ წლებს. ხშირად დავფიქრებულვარ, როდესაც დავამთავრებ სკოლას, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ბალახვნის გარეშე. ყოველდღე იქ სიარული, მეგობრებთან სეირნობა და საყვარელი ადგილების ნახვა... ეს ყველაფერი ძალზედ მომენატრება და გულიც დამწყდება, მაგრამ ყოველთვის გავიხსენებ ბალახვანში გატარებულ წლებს.



ლანა მაისურაძე



***************

თუ გვეწვევით ბალახვანში

გაიხარებ გულით,

ძველ ქუთაისს დაგანახებთ

ასწლოვანი სულით.

გალაკტიონს უმღერია

ბალახვნისთვის ოდესღაც,

ამ ქუჩების სილამაზე

დაუნახავს როდესაც.

მისი სითბო , სილამაზე,

მოგონებად დაგრჩებათ

და ბალახვნის ეშხი თქვენში

არც არასდროს გაქრება.

მარი კლდიაშვილი

понедельник, 23 февраля 2009 г.

ინტერვიუ



1. ინტერვიუ მწერალთან
გონერი ჭეიშვილი არის ცნობილი მწერალი, რომელიც 56 წელია ბალახვანში ცხოვრობს და ამ უბანს ვერ ელევა. მას მოთხრობებიც აქვს შექმნილი ამ უბნის შესახებ . სწორედ მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი" ბალახვანი" მწერალს ახლანდელი მე-12 სკოლა აქვს დამთავრებული და გადავწყვიტეთ ინტერვიუსთვის ბალახვნის შესახებ მისთვის მიგვემართა:
-ჩვენ , მოსწავლეებმა ვნახეთ ისტორიული გაზეთი "ბალახვანი " და რაკი ამ პროექტზე ვმუშაობთ , გადავწყვიტეთ თქვენთვის მოგვემართა რას გვეტყოდით ამ უძველესი უბნის შესახებ ზოგადად?
––ახლანდელ წერეთლის ქუჩას ბალახვნის ქუჩა ერქვა. ბალახვანს ეძახდნენ, იმიტომ რომ ძველად იქ ბალახი და ჭაობი იყო . ახლანდელი კინო "ქუთაისის" წინ პოლიკლინიკის ადგილას იყო სასტუმრო ,სადაც აკაკი წერეთელი ისვენებდა და ამიტომ დაერქვა მას წერეთლის ქუჩა.
–როგორი იყო თქვენი ახალგაზრდობის დროინდელი ბალახვანი?
––ადრე ქუთაისში ბევრი უბანი არ იყო. იყო მხოლოდ საფიჩხია ,ბალახვანი ,მწვანე ყვავილა . ლიტოფონის ქარხანას ერქვა " კახიანაური ".
აქ ცხოვრობდა ადამიანი სახელად გრაფი, რომელიც მშობლიური ქვეყნიდან აღვირახსნილი ცხოვრებისათვის გამოაძევეს და დაასახლეს ბალახვანში ,რადგან რუსები ამ ადგილს განუვითარებელი ხალხის საცხოვრებლად მიიჩნავდნენ , თუმცა სულაც არ იყო ასე .გრაფმა ცოლად ულამაზესი აგრაფინა ჯაფარიძე მიოყვანა , რომელმაც შეძლო მისი ჭკუაზე მოყვანა . ამის შემდეგ გრაფი წავიდა და ჩამოიყვანა ფრანგი შოტიე ,რომელმაც დაიწყო ფრანგული ღვინის წარმოება , სწორედ იმ ღვინის ქარხანაში ,რომელიც ბალახვანში მდებარეობდა. სანამ გრაფი წავიდოდა, ცხოვრობდა იმ შენობაში, სადაც ახლა უშიშროების სამსახურია .მისი პეტერბერგში წასვლის შემდეგ კი იქ ქუთაისის გუბერნატორები ცხოვრობდნენ.
მახსოვს , როდესაც პირველ კლასში მივდიოდი, ომის გამო არა მარტო ქუთაისი, არამედ მთელი საბჭოთა კავშირი დანგრეული იყო. მაშინ პირველად დანიშნეს ტროლეიბუსი ,რომელიც ბალახვანსა და სხვა უბნებს ერთმანეთთან აკავშირებდა .
–რა სხვაობას ხედავთ დღევანდელ და ადრინდელ ბალახვანს შორის ?
– ბალახვანი იყო ბოჰემური. ცნობილი იყო მეფაიტონეებით , დამკვრელებით , მოქეიფეებით, რაც შეეფერებოდა მაშინდელ დროს .
– თქვენი აზრით რა უქმნის კოლორიტულ სახეს ბალახვანს ?
ერთმანეთში იყო შერწყმული სიძველე და სიახლე რადგან ბალახვანი უძველესი უბანია.
–შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ ადამიანები ბალახვნიდან, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ან ქვეყანა ასახელეს ?
– გაზეთშიც წერია, რომ აქ მსახიობები და ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ . იყო პროფესორი მათემატიკოსი ხაჟალია, ჟურნალისტები სერგო მაღლაფერიძე და გედენიძე . მხატვარი ოთარ ქანთარია ,მოჭიდავე კოლია ქვარიანი , რომელმაც ქვეყანა ასახელა .ასევე ცხოვრობდა კაცი ზედმეტსახელად "ტოლმა"( ჩირაძე), რომელიც მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე იყო , ის ყოველთვის ეხმარებოდა ამ უბნელებს .
– სად იყრიდა თავს უბნის ახალგაზრდობა ?
–რაც შეეხება ბალახვნის ბირჟას თავს იყრიდნენ გზაჯვარედინზე .
–რა ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მე-12 სკოლის შესახებ ?
–მე–12 სკოლა ადრე იყო ქალთა მეხუთე სკოლა. პირადად მე რკინიგზის სკოლა დავამთავრე .დაახლოებით 54 წელია რაც ქალთა და ვაჟთა სკოლა შეერთდა .მე–12 სკოლა სპორტული მიღწევებით გამოირჩეოდა. აქ სწავლობდა ცნობილი ფეხბურთელი ალეკო ხუჯაძე .
–შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ რაიმე მნიშვნელოვანი ბალახვნის ისტორიიდან ?
– ბალახვნის ხიდს ერქვა "ახალი ხიდი ", რომელიც ჩემს დაბადებამდე აშენდა . მის ადგილზე იყო ბორანი, ერთი ნაპირიდან მეორეზე ბალახვნელები ბორნით გადადიოდნენ .
–თუ გქონიათ უბნებს შორის დაპირისპირება ან სპორტული სახის შეჯიბრებები, რაშიც მონაწილეობა მიუღიათ ბალახვნელებს ?
– ეწყობოდა სპორტული და სხვა სახის შეჯიბრებები, მაგრამ ამ დაპირისპირებებს ხანგრძლივი სახე არ ჰქონდა, შეჯიბრებების შემდეგ ქეიფობდნენ .
– გაგჩენიათ თუ არა სურვილი სხვა უბანში გადასულიყავით ?
–არასდროს გამჩენია სურვილი სხვა უბანში გადავსულიყავი, პირიქით ვერ შეველევი ბალახვანს . აქ 56 წელია ვცხოვრობ. ოქროს სასახლეშიც კი არ გადავცვლიდი ჩემს ბალახვანს . ერთ–ერთ მოთხრობაში მიწერია: " თუ დაიბადები, ქუთაისში უნდა დაიბადო და თუ ქუთაისში დაიბადები , ბალახვანში უნდა დაიბადო ".
– რას შეცვლიდით ბალახვანში ?
–დღევანდელი ცხოვრება ითხოვს სულ სხვა პირობებს ,თუმცა ბალახვანი ინარჩუნებს ძველ სახეს . არის დაგეგმილი სხვადასხვა მშენებლობები და მე არაფერს არ შევცვლიდი ,პირიქით მივესალმები მათ .
– დაბოლოს რამდენად მადლიერია ხალხი იმით რომ თქვენ გაზეთი ბალახვანი დაარსეთ ?
–ხალხი მადლიერია ,თუმცა იყო პრეტენზიებიც ,რომ რაღაც ან ვიღაც გამომრჩა.
– გმადლობთ საინტერესო ინტერვიუსთვის .

ინტერვიუზე მუშაობდნენ:
სოფო ლილუაშვილი,
თეო ჯანელიძე,
მარი ჩირგვილაძე ,
მეგი ფიფია.



2. ინტერვიუ უბნის უხუცესთან
მე–12 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ ინტერვიუ აგვეღო ბალახვანში მცხოვრებ ერთ–ერთ უხუცესთან ,87 წლის ანიკო არველაძესთან. ის დაიბადა 1922 წლის 27 ნოემბერს .მას აქვს დამთავრებული #12 სკოლა , რომელიც იმ დროს დაახლოებით 1926-1936 წლებში ქალთა გიმნაზია იყო. ჩვენ ამ ინფორმაციით დავინტერესდით და ვესტუმრეთ ანიკო არველაძეს და ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ
–როგორც ამ უბნის უხუცესი რა შეიგიძლიათ გვითხრათ ბალახვნის შესახებ?
– ძველად ბალახვანში ღვინის ქარხანა იყო და ხდებოდა ღვინის წარმოება. ქარხანაში წარმოებული ღვინო ძალიან ძვირად ფასობდა და წარმატებითაც იყიდებოდა . დღესდღეობით ბალახვანში შემორჩენილია ასსაფეხურიანი კიბეები , რომელზეც იმართებოდა ღონისძიებები. ამ ღონისძიებებს უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტებიც ესწრებოდნენ.
ქუთაისში ჩამოსვლამდე სად ცხოვრობდით?
–სანამ ქუთაისში ჩამოვიდოდი ვცხოვრობდი ვანის რაიონში სოფელ ფერეთაში.
– რას გვეტყვით ბალახვნის სკოლაზე?
– მეორე კლასიდან ვსწავლობდი მე–12 სკოლაში. ჩვენს სასწავლებელში თავიდან გოგონები და ვაჟები ერთად ვსწავლობდით , მაგრამ შემდეგ გავიყავით და ჩამოყალიბდა ვაჟთა და ქალთა სკოლა. მე–12 სკოლაში მხოლოდ ქალები სწავლობდნენ . იქ მაშინ ირიცხებოდა 800 ბავშვი თითოეულ ჯგუფში 30-35 მოსწავლე იყო. ჩემს დროს დირექტორი იყო თინა ფანჩულიძე ,რომელიც ასევე ასწავლიდა რუსულს.
–რას გაიხსენებდით სკოლის ცხოვრებიდან?
–ამ სკოლაში სასიამოვნო წლები გავიარე, რომელიც ცხოვრებაში გამომადგა . სკოლაში იყო მუსიკალური გუნდები. ამ გუნდში მეც გახლდით . მახსოვს თავმჯდომარემ გვთხოვა თითოეულ კლასს თავის გუნდი წარმოედგინათ ; როდესაც გუნდები წარმოვადგინეთ, ერთ–ერთმა პროფესორმა დედაჩემს უთხრა, წამოიყვანეთ თქვენი შვილი თბილისში და ნამდვილი მომღერლად ვაქცევო. ანუ ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი და მთხოვა მომღერალი გავმხდარიყავი.
ინტერვიუ მოამზადა:
ალეკო კორძაიამ ,
ლორენა მაისურაძემ,
ნათია სინატაშვილმა.



















ბალახვნის ადგილმდებარეობა











წერეთლის ქუჩა ლენინის რაიონის ტერიტორიაზეა ,იწყება რუსთაველის გამზირიდან და მთავრდება ხორცკომბინატთან . ქუჩის დასაწყისი ნაწილი წარმოქმნილია XIX საუკუნის 20 –იან წლებში და ამავე საუკუნის შუახანებისთვის ქუჩა გაგრძელდა დღევანდელი ახალგაზრდობის ქუჩის დასაწყისამდე , ყოფილი წყალთაშუას და კახიანაურის უბნებზე გამავალი გზების მიერთების შედეგად .რაც შეეხება მონაკვეთს , რომელიც ახალგაზრდობის გამზირიდან გრძელდება , იგი XX საუკუნის 40-იან წლებშია წარმოქმნილი და წერეთლის ქუჩას მიუერთეს ამავე საუკუნის 50-იან წლებში.
ქუთაისს სამხრეთ დასავლეთით მდინარე მარჯვენა სანაპიროზე ფართოდ იშლება კოლხეთის ვაკე დაბლობი, ხოლო აღმოსავლეთიდან მას მთაგორიანი ტერიტორია ესაზღვრება. ქუთაისსა და მის გარშემო მდებარე მიდამოებს მრავალფეროვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ქალაქი მოქცეულია ინტენსიური მეურნეობისათვის ხელშემწყობ ზომიერ ნიადეგურ კლიმატურ პირობებში, მისი წლიური საშუალო ტემპერატურა 14,5 გრადუსს უდრის .
ბალახვანში თითქმის ყველა სახლი ხისგან შენდებოდა, მეტ შემთხვევაში დახურული იყო ყავრით. საზოგადოებრივი შენობები კი ძირითადად ქვისა და აგურისგან იგებოდა . ბალახვანში დღემდე არის ძველი ქართული სახლები მოჩუქურთმებული აივნებით , რომლებიც კარგად გამოიყურება გამწვანებული ეზოს ფონზე. XIX საუკუნის შუა ხანებში დაიწყო ქუჩების კეთილმოწყობა . ამ დროისათვის ბალახვანში უკვე დაიწყო ორ სართულიანი სახლების ქვებითა და აგურით შენება .
70– იან წლებიდან დასახლება საკმაოდ ენერგიულად მიიწევდა წინ სამხრეთითა და სამხრეთ აღმოსავლეთით ბალახვნისა და საღორიის ტყის მიმართულებით . ამ პროექტს ხელი შეუწყო 1877 წ რიონ –ქუთაისის რკინიგზის ხაზის გაყვანამ და ქალაქის სამხრეთ საზღვარზე სარკინიგზო სადგურის გახსნამ. ეს უკანასკნელი მოსახლეობის მიზიდვის ახალ ცენტრს წარმოადგენდა . აჩქარებდა რა მიმდებარე ტერიტორიის დასახლებას.





XIX საუკუნის შუა წლებიდან რიონის მარჯვენა მხარის მოსახლეობა გაიზარდა , რომელიც თითქმის გაუტოლდა მარცხენა მხარის მცხოვრებ მოსახლეობას.



ქუთაისის რკინიგზის სადგურს ქალაქის ცენტრთან კიროვის ქუჩა აერთიანებს . ერთკილომეტრიანი მაგისტრალის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შენობები. იქ მდებარებს პედაგოგიური ინსტიტუტი იგი აგებულია 900-იანი წლების დასაწყისში ინჟინერ შმიდტის პროექტით.



ცენტრალური მოედნის მახლობლად, აკაკი წერეთლისა და კიროვის ქუჩებს შორის ძველი სახლების აღების შემდეგ წარმოქმნილ მოედანზე უკანასკნელ წლებში აიგო ორდარბაზიანი კინოთეატრი "საქართველო".





მოამზადა: ნათია სინატაშვილმა და მეგი ფიფიამ






ბ ა ლ ა ხ ვ ნ ი ს ბ ა ღ ი



შალვა იობიძეს ეკუთვნის ბალახვნის ბაღი, რომელიც იობიძეების ბაღის სახელითაა ცნობილა. მისი ბაბუა მებაღეობას მისდევდა, რომელმაც ეს საქმე ფრანგებისაგან ისწავლა, როცა მათთან მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მებაღეობა მისმა შვილმა განაგრძო. ასი წლის თავზე კი უკვე ბაღში ასზე მეტი სახეობის ყვავილი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ კი ეს საქმე შალვა იობიძემ განაგრძო, რომელმაც 1952 წელს დაამთავრა გამწვანების ინსტიტუტი. მის ბაღში მოიპოვება ერთწლიანი და ორწლიანი ყვავილები, ასევე სამკურნალო ყვავილი პალუჰოლია, შემორჩენილი აქვს ქოთნის ყვავილებიც.



შალვა იობიძეს ყველა ყვავილი განურჩევლად უყვარს და თვლის,რომ მათი მოვლის საიდუმლო ყვავილების კარგად ცოდნაა, თუმცა მას არა აქვს საშუალება, რომ მათ მოუაროს და ამ საქმიანობის გაგრძელებას არც მომავალი თაობა აპირებს.



მოამზადა : მეგი ფიფიამ,
სალომე გორგოძემ.




воскресенье, 22 февраля 2009 г.

ქორონიკონი

ქუთათურთა გამორჩეულად საყვარელი უბანი–ბალახვანი , ბალახვნელთა საფიხვნო–მე -12 სკოლა -– ასე იცნობენ დღეს ყველა წერეთლის ქუჩაზე მდებარე სკოლას , რომლის კედლებიდან დიდი წარსული იმზირება.
ამ სკოლის დაარსებას ხელი შეუწყო ქართველთათვის საამაყო პიროვნებამ გაბრიელ ეპისკოპოსმა , რომლის ხელდასმით 1892 წელს გაიხსნა იმერეთის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, თავად გაბრიელ ეპისკოპოსმა თურმე სასწავლებელს 10000 მანეთი შესწირა .საინტერესოა , რატომ გადაწყდა სწორედ ამ ადგილზე ეპარქიული სასწავლებლის გახსნა და თვით გაბრიელ ეპისკოპოსი რატომ იყო დაინტერესებული ამ ტიპის სასწავლებლის გახსნით?
ეს მიწის ნაკვეთი , რომელზეც ამჟამად სკოლა მდებარეობს1888 წელს მემამულე ვინმე სტრუიცკიმ უანდერძა სასულიერო უწყებას. ტერიტორია საკმაოდ ვრცელი იყო და სწორედ ამჟამინდელი სკოლის ფუძეზე გახლდათ აგებული მოქმედი ეკლესია , რამაც განაპირობა ამ კურთხეულ მიწაზე ეპარქიული სასწავლებლის გახსნა, სადაც ძირითადად " საშინაო მასწავლებლებს" ("Домашняя учительница"), 1907 წლიდან კი სამრევლო სკოლის მასწავლებლებსაც ამზადებდნენ. ეპარქიული სასწავლებელი ძირითადად სასულიერო წოდების შვილთათვის იყო განკუთვნილი, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით მოსამსახურეთა შვილებიც სწავლობდნენ .
1892-1920 წლებში სასწავლებელში1200 გოგონა სწავლობდა, კურსი მხოლოდ 728- დაამთავრა რადგან სწავლა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე და განსაკუთრებით სოფლიდან ჩამოსულებს უძნელდებოდათ საგნის მომზადება. ქართულ ენასა და ლიტერატურას თითოეულ კლასში მხოლოდ ორი საათი ჰქონდა დათმობილი , უპირატესობა ენიჭებოდა რუსულ ენას, საღვთო რჯულს , გალობას, ისწავლებოდა არითმეტიკა, ფიზიკა, გეომეტრია, ალგებრა, ისტორია, ბუნებისმეტყველება , პედაგოგიკის ისტორია, ხატვა , ხელსაქმე, უცხო ენის ისტორია, ლიტერატურა. სულ სასწავლებელს კვირაში 213 გაკვეთილი ჰქონდა. 1899-1907 ,1917 წლების პოლიტიკურმა ვითარებამ სასწავლებლის პროგრამაზეც მოახდინა გავლენა და სწავლა დაეყრდნო იაკობ გოგებაშვილის "დედაენას", " Русское слово"-ს ,"ბუნების კარს". 1899 წელს სამკლასიანი სასწავლებელი ექვსკლასია გადაკეთდა. 1903 წელსგაიხსნა საბაზო დაწყებითი სკოლა , რომლის გამგე იყო ლაზარე ხმალაძე
.1907 წლიდან სასწავლებელს დაემატა მეშვიდე კლასი, რომელიც პედაგოგიურ კლასად იწოდებოდა. იგი კურსდამთავრებულს სამრევლო სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაციას აძლევდა. აღსანიშნავია ამ სასწავლებლის მოწაფეების მონაწილეობა1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში . 1904 წლის 3 თებერვალს სასწავლებელში არ გამოცხადდა 43 მოსწავლე, რაც იმ დროს სენსაციად აღიქმებოდა . ამ ფაქტმა შეძრა სასწავლებლის ადმინისტრაცია, მიაღწია ეპისკოპოსის კანცელარიამდე , გაიგო სინოდმა და ეგზარხატმა . სინოდმა 1904 წლის 9 ივნისს განიხილა სასწავლებლის საქმე, დაითხოვა ნინო თავდგირიძე და გამოიტანა გადაწყვეტილება , რომელიც გაეგზავნა იმერეთის ეპისკოპოსს ლეონიდეს:" თუ ახალი პანსიონის აშენება ვერ მოხერხდა დაიქირავეთ საერთო საცხოვრებელი , იზოლაციაში ამყოფეთ ყველა ეს მოსწავლე და გზა გადაუღობეთ მათ მავნე გავლენისაკენ". მაგრამ , რევოლუციური მღელვარება არ ცხრებოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ვერც ერთმა სკოლამ მათ შორის ეპარქიულმა სასწავლებელმაც ,ვერ შეძლო "მავნე გავლენისაგან" ეხსნა მოსწავლეები . ამ გარემოებამ აღაშფოთა ეგზრხოსი და სინოდი . მათ მთლიანად დაშალეს პედაგოგიური კოლექტივი, გაათავისუფლეს თავმჯდომარე გ .ცაგარეიშვილი და 1905 წლია 5 ივლისს დანიშნეს კორნელი კეკელიძე, რომელიც სასწავლებელს ხელმძღვანელობდა 1906 წლის 28 მაისამდე და დიდი წვლილი შეიტანა მომავალი თაობის ეროვნული სულისკვეთების გაღვივებაში .მისი თავმჯდომარეობით შეიქმნა პროექტი , რომელიც ითვალისწინებდა სასწავლებელში სწავლების კურსსა და მეთოდების შეცვლას. პროექტის უმნიშვნელოვანესი საკითხის იყო :
1. სწავლება ყველა კლასში უნდა წარიმართოს ქართულ ენაზე .
2 . რუსული ენის სწავლება დაიწყოს მეორე კლასიდან .
3 . სასწავლებელი გადაკეთდეს 8 კლასიანად და დაემატოს საგნები ქართული, სიტყვიერების ისტორია, ძვ. და ახალი ქართული ლიტერატურა, სიტყვიერების თეორია , ქართული ენის სწავლების მეთოდიკა.
კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით სასწავლებელში ბევრი გამორჩეული პიროვნება ასწავლიდა , მათ შორის დიდაქტიკის მასწავლებელი–––ლაზარე ხმალაძე , რუსული ენის მასწავლებელი–ელენე ხელთუფლიშვილი და ფრანგული ენის მასწავლებელი– მარიამ ორახელაშვილი .
მენშევიკების ბატონობისას იმერეთის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზია ეწოდა . 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ქალთა ეპარქიული სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის მე–9 შრომის სკოლა , 1933 წელს მე– 19 შრომის სკოლა დაერქვა. 1943 წელს ქალთა მე– 5 საშუალო სკოლა .
1954-55 წელს ქალთა და ვაჟთა ერთად სწავლებასთან დაკავშირებით ქალთა V სკოლას მე– 12 საშუალო სკოლა, რომლის დირექტორად დაინიშნა ედუარდ თავაძე იგი სკოლას ხელმძღვანელობდა1985 წლამდე . მისი თაოსნობით სკოლა ერთ–ერთ პრესტიჟულ სკოლად იქცა ქუთაისის სინამდვილეში . 1968 წლის 1 სექტემბრიდან სკოლამ მუშაობა დაიწყო ახალ სამსართულიან შენობაში , რომელსაც 18 საკლასო ოთახი და კეთილმოწყობილი ქიმიის ,ფიზიკის , ბიოლოგიის , გეოგრაფიის კაბინეტ– ლაბორატორიები ჰქონდა .
მოამზადა: სალომე გორგოძემ,
ნანა იგნატენკომ.














среда, 11 февраля 2009 г.

მებორნე

წყნარად დუდუნებს რიონის ტალღა

როგორც დიაცი ქსლისა მბეჭველი

მდინარის ნაპირს მივყვები აღმა

და ტერფებს თუთქავს ცხელი კენჭები.


მე აქ დავრბოდი ალალი ბავშვი.

ტალღებს ვუსმენდი სულგანაბული

ამ ხიდის ნაცვლად

რიონზე მაშინ

მახსოვს ბორანი იყო გამბული.


ტალღებზე დაქრის სიო თამამი,

შორეულ ხვამლის მთიდან მოჭრილი

და ჩემს ხსოვნაში ცოცხლდება წამით

დინჯი მებორნე ხელდაკოჟრილი.


ვისი არ იყო იგი ძმობილი

მგზავრზე ზრუნავდა, როგორც პატრონი,

ხალხში მებორნე იყო ცნობილი

როგორც ქალაქში გუბერნატორი.

ვერ აშინებდა ქარი, ავდარი,

ვერც წყალდიდობა მარტში ძლიერი

იდგა ბორანზე , როგორც სარდალი

თვალ გამჭრიახი, მხრებგანიერი.

რა საჭიროა ბორანზე ფიქრი

ტალღა დუდუნებს, როგორც მეთარე,

დღეს ვიღას ახსოვს ბორანი იგი,

ახალი ხიდის ბჭის შემხედვარეს.

ხიდის თაღები ელვარებს მზეზე

თან ჩუქურთმები შვენის მდიდრული

ვეება ქუჩა შეუსვამს მხრებზე

და დგას ამაყად თაღაზიდული.

ახლა სად არის ის კაცი ნეტავ,

მასთან შეხვედრა როგოო მწყურია,

თუ ცოცხალია და ზეცას ხედავს

ნეტავ ამ ხიდზე თუ ჩაუვლია?

თუ მოაჯირზე დაკოჟრილ ხელით

თუ უსინჯია ერთხელ დანდობა

გახსენებია ბორანი ძველი

მოჰგონებია ახალგაზრდობა.

ბორანს ვერ ვხედავ , ის დაანგრიეს

მაგრამ ხსოვნაში მუდამ დარჩება

კაცი, რომელსაც ხიდის მაგიერ

წყალზე გაწვდილი ჰქონდა მარჯვენა,


ზურაბ კუხიანიძე



ბალახვანი

მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქის გარეუბნების ერთი ნაწილი ცენტრს საკმაოდ მოშორებული იყო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, კერძოდ კი ბალახვანი, უშუალოდ ეკვროდა ქალაქს, იმავე სახელწოდების ქუჩით უკავშირდებოდა მის ცენტრსა და ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებით ცხოვრობდა.
1921 წელს ბალახვნის ქუჩას სახელწოდება შეუცვალეს და საქართველოს ბულბულის აკაკი წერეთლის სახელი უწოდეს. ძველი ბალახვანი იწყებოდა წერეთლის ქუჩაზე მდებარე მუსიკალური სასწავლებლიდან და გრძელდებოდა აბრეშუმის საწარმოს მთავარ აღმართის დასაწყისამდე. კარგმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, მდინარე რიონთან სიახლოვემ ხელი შეუწყო ბალახვნის სწრაფ დასახლებას, ქალაქის ერთ–ერთ მთავარ სავაჭრო–საკვანძო უბნად მის გადაქცევას.
ძველი ბალახვანი მდიდარი იყო სავაჭრო საყოფაცხოვრებო ობიექტებით ანუ დარაბებით. ქალაქის ერთ–ერთი უძველესი უბანი ბალახვანი ასე წარმოგვიდგება: უბნის დასაწყისში მუსიკალური სასწავლებლის წინა მხარეს (დღევანდელი უზნაძის ქუჩის დასაწყისში) მდებარეობდა ბიჭია ურაკაძის სავაჭრო, ხოლო მის გვერდით პეტრე ოხიპოვის ცნობილი საკონდიტრო საცხობი მოქმედებდა. 1876 წელს ფრანგ მეღვინეს შოტიეს ბალახვნის ქუჩაზე აუგია პატარა სარდაფი, სადაც ყოველწლიურად 2000 ბოთლამდე შამპანიურს და ღვინოს ამზადებდა.
ის ადგილი, სადაც დღეს წერეთლის ქუჩაზე ტაქსების გაჩერებაა, ადრე ცნობილი იყო ბალახვნის ცენტრის სახელწოდებით. იქვე იყო ტრანსპორტის ბირჟაც, სადაც დგებოდნენ სხვადასხვა მხარეს მიმავალი მეფაიტონეები, მეფურგუნეები, მეურმეები და სხვები. ხშირად ბალახვნის ბირჟას ბაღდათის ბირჟის სახელწოდებით იხსენიებდნენ. მაშინ ბალახვანში ცნობილი მეეტლეები იყვნენ მამა–შვილი თევდორე და ჭუჭია კოსტავები, იოსებ ჩიხლაძე, ისიდორე ეფრემიძე, ივანე სულაძე და სხვები. ამ უკანასკნელს მეტსახელად " ჩობანას " ეძახდნენ, რადგან ხშირად არღანზე დაკრული ჩობანას მოსმენა უყვარდა. ტრაგიკული ბედი ერგო " ჩობანას ", ერთხელ თავისი ეტლით სოფელ მექვენასთან მდინარე რიონში გადაიჩეხა და უგზოუკვლოდ დაიკარგა.
იქ, სადაც ახლა ქალაქის მე–12 სკოლაა, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ყოფილა ვრცელი ტერიტორია, რომელიც რუს მემამულეს სერგო სტრიუცკის ეკუთვნოდა. მე–12 სკოლის წინ , სადაც მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლია აშენებული, ადრე ცნობილი იყო მადნის ანუ საქონლის ბაზრის სახელწოდებით. აქ ხდებოდა პირუტყვის ყიდვა–გაყიდვა, პარალელურად მოსახლეობას შეეძლო შეეძინა შეშა და სასოფლო– სამეურნეო პროდუქტები.
საუკუნის დასაწყისში გამოცოცხლდა ბალახვნის კულტურულ– საგანმანათლებლო საქმიანობა. უბნის მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს ქალაქის გამგეობას, რომ უბანში პირველდაწყებითი სკოლა გაეხსნათ, მაგრამ უსახსრობის გამო უარი უთხრეს.
1914 წელს ბალახვნის ქუჩის მცხოვრებლებს გუბერნატორმა ნება დართო შეკრებილიყვნენ ქალბატონ მ.გაბუნიას სახლში, უბანში ბიბლიოთეკა სამკითხველოს გახსნასთან დაკავშირებით.
ბალახვნის ქუჩაზე №51 სახლში,რომელიც ვასილ აბდალაძეს ეკუთვნოდა 1910 წლებში გამოდიოდა გაზეთი " სიტყვა". ამ ქუჩაზე გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი მშფოთვარე დღეები პოეტმა მამია გურიელმა.

ბალახვანში აღიზარდა არაერთი სახელოვანი ადამიანი , რომელმაც ნათელი კვალი დააჩნიეს საქართველოს, კერძოდ ქუთაისის ისტორიას, რაც შეეხება დღევანდელ ბალახვანს, იგი ქალაქის ერთ–ერთი კოლორიტული და კეთილმოწყობილ უბანს წარმოადგენს. ქუთაისში აკაკი წერეთელი ხშირად ბალახვნის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ფრანციში " ცხოვრობდა. ამდენად თუ ყოველთვის არა , დროდადრო მაინც ითვლებოდა ბალახვნელად. ამიტომაც უწოდეს ყოფილ ბალახვნის ქუჩას მისი სახელი.
ბალახვანში აგრეთვე წარმოებდა ღვინის ქარხანა, სადაც ამზადებდნენ ღვინოს და შამპანურს, ღვინის ქარხნის გვერდით, მდინარე რიონზე , იქ სადაც დღეს მეოთხე ხიდია, მოქმედებდა ბალახვნის ცნობილი ბორანი, რომელიც ზამთარ–ზაფხულ მთელი დატვირთვით მუშაობდა. ბორნის მუშაობის გრაფიკი და გადასახადი ფასი, ქალაქის გამგეობის მიერ იყო დამტკიცებული.

მოამზადა: მეგი ფიფიამ,
ლანა მაისურაძემ,
მარი ჩირგვილაძემ.