вторник, 3 марта 2009 г.

მხატვრული შემოქმედება " ჩემი ბალახვანი"

***************



დილის მზე თავის სხივებში ხვევს ქუთაისის ერთ ლამაზ უბანს. თითქოს უნდა თვალები დაუკოცნოსო და მიელამუნოსო თავისი ცხოველმყოფელი სხივებით. ისიც ღამის ბურუსს თავს აღწევს და დილის მზის სხივებს ეგებება. ეს ბალახვანია... ერთი პატარა, ლამაზი უბანი, სადაც ხალხიც თბილია და მზეც. მართალია ბალახვანში არ ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან მიყვარს. აქ ხომ ჩემი სკოლაა, სადაც გავიზარდე. მას ხომ უამრავი სასიქადულო მამულიშვილი აღუზრდია, თუნდაც ის,რომ აქ გაბრიელ ეპისკოპოსი მოღვაწეობდა, ჩვენი მამა გაბრიელი. ეს უბანი იმითაც გამოირჩევა,რომ საოცრად კეთილი ხალხი ცხოვრობს. რა ლამაზად ჟღერს ბ ა ლ ა ხ ვ ა ნ ი, ლექსის დაწერა რომ შემეძლოს, აუცილებლად შევასხამდი ხოტბას, მაგრამ ამ თემით იმედია, ცოტათი მაინც შევძელი მისი სილამაზის წარმოჩენა. თუმცა ეს ხომ ზღვაში წვეთია. აი, დადგება, ჩამოწვება ბინდი და ისიც ემზადება ახალი დღისათვის...



მარიამ კლდიაშვილი



**************



" ბალახვანს ესმის ჩემი სიმღერა, ჭომის ბაღებში ხარობს ვარდები..."– ღიღინებენ ქუთათურები. ბალახვანი, ეს ხომ ქუთაისის ერთ–ერთი ძველი კოლორიტული უბანია, ქალაქის სიამაყე და მშვენება. მხოლოდ აქ არის მთელს ქალაქში ერთადერთი ხედი–ასსაფეხურიანი კიბე, რომლის თავზეც ამაყად დგას ძველი სადგური. აქ, ამ ე.წ." სადგურის კიბეებთან" იმართება ბევრი კონცერტი ადგილობრივი თუ ჩამოსული სტუმრების მიერ გამართული. შეუდარებლად ლამაზია გაზაფხულზე ამწვანებული და ზამთარში თეთრი ნამქერით დაფარული ეს ხედი, ბალახვნის მოედნიდან დანახული.



მიყვარს ეს უბანი, თუმცა აქ არ ვცხოვრობ, მაგრამ ვსწავლობ მე–12 საჯარო სკოლაში და ამდენად ყოველდღიური ცხოვრება მაკავშირებს მასთან. მოედნის ერთ კუთხეში შენიშნავთ პატარა ოთახს, რომელიც მუდამ ღიაა, თავზე კი ეკლესიის გუმბათი ადგას. აქ ძველი, წასული ბალახვნელების ხსოვნის ამსახველი სურათებია და შესაბამისად ლექსებიც, რითაც უკვდავყოფენ მათ ხსოვნას:" ბალახვნელო არწივებო, გაფრენილო ზეცაში..."– გულნატკენი ამბობს ავტორი. აქ ჩანს ამ უბნელების სითბო და სიყვარული.



ბალახვანს მთელ სიგრძეზე გასდევს წერეთლის ქუჩა, სადაც ძველთაგანვე ძმურად ცხოვრობენ ქართველი, აისორი და ებრაელი ხალხი. დღეს ქალაქთან ერთად ეს უბანიც იზრდება დალამაზდება, ინგრევა ძველი შენობები და შენდება ახალი ბინები. ბალახვნელთა სასახელოდ ხიდია თავში აშენდა მართლმადიდებლური ეკლესია, შენდება საცხოვრებელი სახლი, გაიხსნა"ენების სკოლა" და სხვა. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა... ამიტომ მინდა ვთქვა, რომ სადაც უნდა ვიყო, ბალახვნის ხსენებაზე ყოველთვის ვიტყვი–" ჩემი ბალახვანი".



თეო ჯანელიძე



**********



ქუთაისის უბნებს შორის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ბალახვანი,სადაც დავიბადე და გავიზარდე.ეს უბანი განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ალვის ხეებს ოქროსფერი ფოთლები ცვივა და ჰაერში შემოდგომის სუნი ტრიალებს. ეს ყველაფერი ჩემში დიდ აღტაცებას იწვევს. ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე გავხედავ ჩემს ლამაზ ეზოს, საიდანაც ჩანს ჩემი სკოლა,რომელიც ერთი საუკუნისაა.როგორც ვიცი, მის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის გაბრიელ ეპისკოპოსს. დღევანდელი მე–12 საჯარო სკოლა, თავიდან ქალთა სასწავლო გიმნაზია ყოფილა, რომელიც წლების შემდეგ ქალთა და ვაჟთა სასწავლებლად გადაიქცა.მე ძალიან მეამაყება,რომ ვსწავლობ ისეთ სკოლაში რომელიც დიდ ისტორიას ატარებს. რაც შეეხება ბალახვნის ქუჩებს იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა.ახალგაზრდები ვიკრიბებით და ვერთობით, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, ვსეირნობთ ბალახვნის ხიდზე. ხოლო რაც ამ უბნის სახელწოდებას ბალახვანს შეეხება უხუცესებისაგან გამიგონია,რომ დღევანდელი ბალახვნის ტერიტორიაზე იყო ჭაობი და ბალახები. ამ შემთხვევასთან დაკაშირებით დაურქმევიათ ეს სახელი–" ბალახვანი". მე ძალიან მიყვარს , ჩემი უბანი და ყოველთვის შევეცდები, რომ ჩემს საყვარელ უბანზე ყველას ვესაუბრო და გავაგებინო თუ რა კარგია აქ ცხოვრება.



ალეკო კორძაია





********



ქუთაისს ბევრი ძველი უბანი აქვს. განსაკუთრებულად გამოვარჩევ ბალახვანს. ბალახვანი თავისი ძველი და ახალი შენობებით ძალზედ გამოირჩევა. მას აქვს დიდი ისტორია.ბალახვანში ცხოვრობენ სხვა ეროვნების ადამიანები. მაგალითად აისორები. ამ უბანში ცნობილია № 12 საჯარო სკოლა, რომელიც აგერ უკვე ერთი საუკუნისაა. ძველად თურმე, დღევანდელი ბალახვნის ტერიტორიაზე მხოლოდ ჭაობი და ბალახით სავსე ადგილი ყოფილა. აქედან დაერქვა მას " ბალახვანი".



საკმაოდ დიდი ხანი ვცხოვრობდი ბალახვანში. ვერ წარმომიდგენია თუ ასე შეიცვლებოდა ეს უბანი. გალამაზდებოდა შენობები, აშენდებოდა ახალი მაღაზიები, ასე სწრაფი ტემპით შეცვლიდა ხალხი თავის ცხოვრებას და საყვარელ უბანს. აგერ უკვე 9 წელია ბალახვანში №12 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. მე ყოველდღე მიწევს აქ სიარული. იმდენად დიდია ჩემი სიყვარული ამ უბნის მიმართ,რომ ვცდილობ ყოველდღე გავიარო, გადავხედო ახალ შენობებს, რომელმაც ძალიან გაალამაზა და დაამშვენა ჩვენი ბალახვანი.



თითქმის ყოველთვის ვცდილობ შევხვდე ჩემს მეგობრებს და ყოფილ მეზობლებს, რომლებთანაც ბალახვანი მაკავშირებდა. ამ უბანში გატარებული თითოეული დღე, თითოეული საათი, ყოველთვის მემახსოვრება, მიუხედავად იმისა ,ბალახვანში ვსწავლობ და იქ ვატარებ ჩემი ცხოვრების მთავარ წლებს. ხშირად დავფიქრებულვარ, როდესაც დავამთავრებ სკოლას, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ბალახვნის გარეშე. ყოველდღე იქ სიარული, მეგობრებთან სეირნობა და საყვარელი ადგილების ნახვა... ეს ყველაფერი ძალზედ მომენატრება და გულიც დამწყდება, მაგრამ ყოველთვის გავიხსენებ ბალახვანში გატარებულ წლებს.



ლანა მაისურაძე



***************

თუ გვეწვევით ბალახვანში

გაიხარებ გულით,

ძველ ქუთაისს დაგანახებთ

ასწლოვანი სულით.

გალაკტიონს უმღერია

ბალახვნისთვის ოდესღაც,

ამ ქუჩების სილამაზე

დაუნახავს როდესაც.

მისი სითბო , სილამაზე,

მოგონებად დაგრჩებათ

და ბალახვნის ეშხი თქვენში

არც არასდროს გაქრება.

მარი კლდიაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий