понедельник, 23 февраля 2009 г.

ინტერვიუ



1. ინტერვიუ მწერალთან
გონერი ჭეიშვილი არის ცნობილი მწერალი, რომელიც 56 წელია ბალახვანში ცხოვრობს და ამ უბანს ვერ ელევა. მას მოთხრობებიც აქვს შექმნილი ამ უბნის შესახებ . სწორედ მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი" ბალახვანი" მწერალს ახლანდელი მე-12 სკოლა აქვს დამთავრებული და გადავწყვიტეთ ინტერვიუსთვის ბალახვნის შესახებ მისთვის მიგვემართა:
-ჩვენ , მოსწავლეებმა ვნახეთ ისტორიული გაზეთი "ბალახვანი " და რაკი ამ პროექტზე ვმუშაობთ , გადავწყვიტეთ თქვენთვის მოგვემართა რას გვეტყოდით ამ უძველესი უბნის შესახებ ზოგადად?
––ახლანდელ წერეთლის ქუჩას ბალახვნის ქუჩა ერქვა. ბალახვანს ეძახდნენ, იმიტომ რომ ძველად იქ ბალახი და ჭაობი იყო . ახლანდელი კინო "ქუთაისის" წინ პოლიკლინიკის ადგილას იყო სასტუმრო ,სადაც აკაკი წერეთელი ისვენებდა და ამიტომ დაერქვა მას წერეთლის ქუჩა.
–როგორი იყო თქვენი ახალგაზრდობის დროინდელი ბალახვანი?
––ადრე ქუთაისში ბევრი უბანი არ იყო. იყო მხოლოდ საფიჩხია ,ბალახვანი ,მწვანე ყვავილა . ლიტოფონის ქარხანას ერქვა " კახიანაური ".
აქ ცხოვრობდა ადამიანი სახელად გრაფი, რომელიც მშობლიური ქვეყნიდან აღვირახსნილი ცხოვრებისათვის გამოაძევეს და დაასახლეს ბალახვანში ,რადგან რუსები ამ ადგილს განუვითარებელი ხალხის საცხოვრებლად მიიჩნავდნენ , თუმცა სულაც არ იყო ასე .გრაფმა ცოლად ულამაზესი აგრაფინა ჯაფარიძე მიოყვანა , რომელმაც შეძლო მისი ჭკუაზე მოყვანა . ამის შემდეგ გრაფი წავიდა და ჩამოიყვანა ფრანგი შოტიე ,რომელმაც დაიწყო ფრანგული ღვინის წარმოება , სწორედ იმ ღვინის ქარხანაში ,რომელიც ბალახვანში მდებარეობდა. სანამ გრაფი წავიდოდა, ცხოვრობდა იმ შენობაში, სადაც ახლა უშიშროების სამსახურია .მისი პეტერბერგში წასვლის შემდეგ კი იქ ქუთაისის გუბერნატორები ცხოვრობდნენ.
მახსოვს , როდესაც პირველ კლასში მივდიოდი, ომის გამო არა მარტო ქუთაისი, არამედ მთელი საბჭოთა კავშირი დანგრეული იყო. მაშინ პირველად დანიშნეს ტროლეიბუსი ,რომელიც ბალახვანსა და სხვა უბნებს ერთმანეთთან აკავშირებდა .
–რა სხვაობას ხედავთ დღევანდელ და ადრინდელ ბალახვანს შორის ?
– ბალახვანი იყო ბოჰემური. ცნობილი იყო მეფაიტონეებით , დამკვრელებით , მოქეიფეებით, რაც შეეფერებოდა მაშინდელ დროს .
– თქვენი აზრით რა უქმნის კოლორიტულ სახეს ბალახვანს ?
ერთმანეთში იყო შერწყმული სიძველე და სიახლე რადგან ბალახვანი უძველესი უბანია.
–შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ ადამიანები ბალახვნიდან, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ან ქვეყანა ასახელეს ?
– გაზეთშიც წერია, რომ აქ მსახიობები და ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ . იყო პროფესორი მათემატიკოსი ხაჟალია, ჟურნალისტები სერგო მაღლაფერიძე და გედენიძე . მხატვარი ოთარ ქანთარია ,მოჭიდავე კოლია ქვარიანი , რომელმაც ქვეყანა ასახელა .ასევე ცხოვრობდა კაცი ზედმეტსახელად "ტოლმა"( ჩირაძე), რომელიც მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე იყო , ის ყოველთვის ეხმარებოდა ამ უბნელებს .
– სად იყრიდა თავს უბნის ახალგაზრდობა ?
–რაც შეეხება ბალახვნის ბირჟას თავს იყრიდნენ გზაჯვარედინზე .
–რა ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მე-12 სკოლის შესახებ ?
–მე–12 სკოლა ადრე იყო ქალთა მეხუთე სკოლა. პირადად მე რკინიგზის სკოლა დავამთავრე .დაახლოებით 54 წელია რაც ქალთა და ვაჟთა სკოლა შეერთდა .მე–12 სკოლა სპორტული მიღწევებით გამოირჩეოდა. აქ სწავლობდა ცნობილი ფეხბურთელი ალეკო ხუჯაძე .
–შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ რაიმე მნიშვნელოვანი ბალახვნის ისტორიიდან ?
– ბალახვნის ხიდს ერქვა "ახალი ხიდი ", რომელიც ჩემს დაბადებამდე აშენდა . მის ადგილზე იყო ბორანი, ერთი ნაპირიდან მეორეზე ბალახვნელები ბორნით გადადიოდნენ .
–თუ გქონიათ უბნებს შორის დაპირისპირება ან სპორტული სახის შეჯიბრებები, რაშიც მონაწილეობა მიუღიათ ბალახვნელებს ?
– ეწყობოდა სპორტული და სხვა სახის შეჯიბრებები, მაგრამ ამ დაპირისპირებებს ხანგრძლივი სახე არ ჰქონდა, შეჯიბრებების შემდეგ ქეიფობდნენ .
– გაგჩენიათ თუ არა სურვილი სხვა უბანში გადასულიყავით ?
–არასდროს გამჩენია სურვილი სხვა უბანში გადავსულიყავი, პირიქით ვერ შეველევი ბალახვანს . აქ 56 წელია ვცხოვრობ. ოქროს სასახლეშიც კი არ გადავცვლიდი ჩემს ბალახვანს . ერთ–ერთ მოთხრობაში მიწერია: " თუ დაიბადები, ქუთაისში უნდა დაიბადო და თუ ქუთაისში დაიბადები , ბალახვანში უნდა დაიბადო ".
– რას შეცვლიდით ბალახვანში ?
–დღევანდელი ცხოვრება ითხოვს სულ სხვა პირობებს ,თუმცა ბალახვანი ინარჩუნებს ძველ სახეს . არის დაგეგმილი სხვადასხვა მშენებლობები და მე არაფერს არ შევცვლიდი ,პირიქით მივესალმები მათ .
– დაბოლოს რამდენად მადლიერია ხალხი იმით რომ თქვენ გაზეთი ბალახვანი დაარსეთ ?
–ხალხი მადლიერია ,თუმცა იყო პრეტენზიებიც ,რომ რაღაც ან ვიღაც გამომრჩა.
– გმადლობთ საინტერესო ინტერვიუსთვის .

ინტერვიუზე მუშაობდნენ:
სოფო ლილუაშვილი,
თეო ჯანელიძე,
მარი ჩირგვილაძე ,
მეგი ფიფია.



2. ინტერვიუ უბნის უხუცესთან
მე–12 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ ინტერვიუ აგვეღო ბალახვანში მცხოვრებ ერთ–ერთ უხუცესთან ,87 წლის ანიკო არველაძესთან. ის დაიბადა 1922 წლის 27 ნოემბერს .მას აქვს დამთავრებული #12 სკოლა , რომელიც იმ დროს დაახლოებით 1926-1936 წლებში ქალთა გიმნაზია იყო. ჩვენ ამ ინფორმაციით დავინტერესდით და ვესტუმრეთ ანიკო არველაძეს და ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ
–როგორც ამ უბნის უხუცესი რა შეიგიძლიათ გვითხრათ ბალახვნის შესახებ?
– ძველად ბალახვანში ღვინის ქარხანა იყო და ხდებოდა ღვინის წარმოება. ქარხანაში წარმოებული ღვინო ძალიან ძვირად ფასობდა და წარმატებითაც იყიდებოდა . დღესდღეობით ბალახვანში შემორჩენილია ასსაფეხურიანი კიბეები , რომელზეც იმართებოდა ღონისძიებები. ამ ღონისძიებებს უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტებიც ესწრებოდნენ.
ქუთაისში ჩამოსვლამდე სად ცხოვრობდით?
–სანამ ქუთაისში ჩამოვიდოდი ვცხოვრობდი ვანის რაიონში სოფელ ფერეთაში.
– რას გვეტყვით ბალახვნის სკოლაზე?
– მეორე კლასიდან ვსწავლობდი მე–12 სკოლაში. ჩვენს სასწავლებელში თავიდან გოგონები და ვაჟები ერთად ვსწავლობდით , მაგრამ შემდეგ გავიყავით და ჩამოყალიბდა ვაჟთა და ქალთა სკოლა. მე–12 სკოლაში მხოლოდ ქალები სწავლობდნენ . იქ მაშინ ირიცხებოდა 800 ბავშვი თითოეულ ჯგუფში 30-35 მოსწავლე იყო. ჩემს დროს დირექტორი იყო თინა ფანჩულიძე ,რომელიც ასევე ასწავლიდა რუსულს.
–რას გაიხსენებდით სკოლის ცხოვრებიდან?
–ამ სკოლაში სასიამოვნო წლები გავიარე, რომელიც ცხოვრებაში გამომადგა . სკოლაში იყო მუსიკალური გუნდები. ამ გუნდში მეც გახლდით . მახსოვს თავმჯდომარემ გვთხოვა თითოეულ კლასს თავის გუნდი წარმოედგინათ ; როდესაც გუნდები წარმოვადგინეთ, ერთ–ერთმა პროფესორმა დედაჩემს უთხრა, წამოიყვანეთ თქვენი შვილი თბილისში და ნამდვილი მომღერლად ვაქცევო. ანუ ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი და მთხოვა მომღერალი გავმხდარიყავი.
ინტერვიუ მოამზადა:
ალეკო კორძაიამ ,
ლორენა მაისურაძემ,
ნათია სინატაშვილმა.



















Комментариев нет:

Отправить комментарий