среда, 11 февраля 2009 г.

მებორნე

წყნარად დუდუნებს რიონის ტალღა

როგორც დიაცი ქსლისა მბეჭველი

მდინარის ნაპირს მივყვები აღმა

და ტერფებს თუთქავს ცხელი კენჭები.


მე აქ დავრბოდი ალალი ბავშვი.

ტალღებს ვუსმენდი სულგანაბული

ამ ხიდის ნაცვლად

რიონზე მაშინ

მახსოვს ბორანი იყო გამბული.


ტალღებზე დაქრის სიო თამამი,

შორეულ ხვამლის მთიდან მოჭრილი

და ჩემს ხსოვნაში ცოცხლდება წამით

დინჯი მებორნე ხელდაკოჟრილი.


ვისი არ იყო იგი ძმობილი

მგზავრზე ზრუნავდა, როგორც პატრონი,

ხალხში მებორნე იყო ცნობილი

როგორც ქალაქში გუბერნატორი.

ვერ აშინებდა ქარი, ავდარი,

ვერც წყალდიდობა მარტში ძლიერი

იდგა ბორანზე , როგორც სარდალი

თვალ გამჭრიახი, მხრებგანიერი.

რა საჭიროა ბორანზე ფიქრი

ტალღა დუდუნებს, როგორც მეთარე,

დღეს ვიღას ახსოვს ბორანი იგი,

ახალი ხიდის ბჭის შემხედვარეს.

ხიდის თაღები ელვარებს მზეზე

თან ჩუქურთმები შვენის მდიდრული

ვეება ქუჩა შეუსვამს მხრებზე

და დგას ამაყად თაღაზიდული.

ახლა სად არის ის კაცი ნეტავ,

მასთან შეხვედრა როგოო მწყურია,

თუ ცოცხალია და ზეცას ხედავს

ნეტავ ამ ხიდზე თუ ჩაუვლია?

თუ მოაჯირზე დაკოჟრილ ხელით

თუ უსინჯია ერთხელ დანდობა

გახსენებია ბორანი ძველი

მოჰგონებია ახალგაზრდობა.

ბორანს ვერ ვხედავ , ის დაანგრიეს

მაგრამ ხსოვნაში მუდამ დარჩება

კაცი, რომელსაც ხიდის მაგიერ

წყალზე გაწვდილი ჰქონდა მარჯვენა,


ზურაბ კუხიანიძე



Комментариев нет:

Отправить комментарий