воскресенье, 22 февраля 2009 г.

ქორონიკონი

ქუთათურთა გამორჩეულად საყვარელი უბანი–ბალახვანი , ბალახვნელთა საფიხვნო–მე -12 სკოლა -– ასე იცნობენ დღეს ყველა წერეთლის ქუჩაზე მდებარე სკოლას , რომლის კედლებიდან დიდი წარსული იმზირება.
ამ სკოლის დაარსებას ხელი შეუწყო ქართველთათვის საამაყო პიროვნებამ გაბრიელ ეპისკოპოსმა , რომლის ხელდასმით 1892 წელს გაიხსნა იმერეთის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, თავად გაბრიელ ეპისკოპოსმა თურმე სასწავლებელს 10000 მანეთი შესწირა .საინტერესოა , რატომ გადაწყდა სწორედ ამ ადგილზე ეპარქიული სასწავლებლის გახსნა და თვით გაბრიელ ეპისკოპოსი რატომ იყო დაინტერესებული ამ ტიპის სასწავლებლის გახსნით?
ეს მიწის ნაკვეთი , რომელზეც ამჟამად სკოლა მდებარეობს1888 წელს მემამულე ვინმე სტრუიცკიმ უანდერძა სასულიერო უწყებას. ტერიტორია საკმაოდ ვრცელი იყო და სწორედ ამჟამინდელი სკოლის ფუძეზე გახლდათ აგებული მოქმედი ეკლესია , რამაც განაპირობა ამ კურთხეულ მიწაზე ეპარქიული სასწავლებლის გახსნა, სადაც ძირითადად " საშინაო მასწავლებლებს" ("Домашняя учительница"), 1907 წლიდან კი სამრევლო სკოლის მასწავლებლებსაც ამზადებდნენ. ეპარქიული სასწავლებელი ძირითადად სასულიერო წოდების შვილთათვის იყო განკუთვნილი, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით მოსამსახურეთა შვილებიც სწავლობდნენ .
1892-1920 წლებში სასწავლებელში1200 გოგონა სწავლობდა, კურსი მხოლოდ 728- დაამთავრა რადგან სწავლა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე და განსაკუთრებით სოფლიდან ჩამოსულებს უძნელდებოდათ საგნის მომზადება. ქართულ ენასა და ლიტერატურას თითოეულ კლასში მხოლოდ ორი საათი ჰქონდა დათმობილი , უპირატესობა ენიჭებოდა რუსულ ენას, საღვთო რჯულს , გალობას, ისწავლებოდა არითმეტიკა, ფიზიკა, გეომეტრია, ალგებრა, ისტორია, ბუნებისმეტყველება , პედაგოგიკის ისტორია, ხატვა , ხელსაქმე, უცხო ენის ისტორია, ლიტერატურა. სულ სასწავლებელს კვირაში 213 გაკვეთილი ჰქონდა. 1899-1907 ,1917 წლების პოლიტიკურმა ვითარებამ სასწავლებლის პროგრამაზეც მოახდინა გავლენა და სწავლა დაეყრდნო იაკობ გოგებაშვილის "დედაენას", " Русское слово"-ს ,"ბუნების კარს". 1899 წელს სამკლასიანი სასწავლებელი ექვსკლასია გადაკეთდა. 1903 წელსგაიხსნა საბაზო დაწყებითი სკოლა , რომლის გამგე იყო ლაზარე ხმალაძე
.1907 წლიდან სასწავლებელს დაემატა მეშვიდე კლასი, რომელიც პედაგოგიურ კლასად იწოდებოდა. იგი კურსდამთავრებულს სამრევლო სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაციას აძლევდა. აღსანიშნავია ამ სასწავლებლის მოწაფეების მონაწილეობა1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში . 1904 წლის 3 თებერვალს სასწავლებელში არ გამოცხადდა 43 მოსწავლე, რაც იმ დროს სენსაციად აღიქმებოდა . ამ ფაქტმა შეძრა სასწავლებლის ადმინისტრაცია, მიაღწია ეპისკოპოსის კანცელარიამდე , გაიგო სინოდმა და ეგზარხატმა . სინოდმა 1904 წლის 9 ივნისს განიხილა სასწავლებლის საქმე, დაითხოვა ნინო თავდგირიძე და გამოიტანა გადაწყვეტილება , რომელიც გაეგზავნა იმერეთის ეპისკოპოსს ლეონიდეს:" თუ ახალი პანსიონის აშენება ვერ მოხერხდა დაიქირავეთ საერთო საცხოვრებელი , იზოლაციაში ამყოფეთ ყველა ეს მოსწავლე და გზა გადაუღობეთ მათ მავნე გავლენისაკენ". მაგრამ , რევოლუციური მღელვარება არ ცხრებოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ვერც ერთმა სკოლამ მათ შორის ეპარქიულმა სასწავლებელმაც ,ვერ შეძლო "მავნე გავლენისაგან" ეხსნა მოსწავლეები . ამ გარემოებამ აღაშფოთა ეგზრხოსი და სინოდი . მათ მთლიანად დაშალეს პედაგოგიური კოლექტივი, გაათავისუფლეს თავმჯდომარე გ .ცაგარეიშვილი და 1905 წლია 5 ივლისს დანიშნეს კორნელი კეკელიძე, რომელიც სასწავლებელს ხელმძღვანელობდა 1906 წლის 28 მაისამდე და დიდი წვლილი შეიტანა მომავალი თაობის ეროვნული სულისკვეთების გაღვივებაში .მისი თავმჯდომარეობით შეიქმნა პროექტი , რომელიც ითვალისწინებდა სასწავლებელში სწავლების კურსსა და მეთოდების შეცვლას. პროექტის უმნიშვნელოვანესი საკითხის იყო :
1. სწავლება ყველა კლასში უნდა წარიმართოს ქართულ ენაზე .
2 . რუსული ენის სწავლება დაიწყოს მეორე კლასიდან .
3 . სასწავლებელი გადაკეთდეს 8 კლასიანად და დაემატოს საგნები ქართული, სიტყვიერების ისტორია, ძვ. და ახალი ქართული ლიტერატურა, სიტყვიერების თეორია , ქართული ენის სწავლების მეთოდიკა.
კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით სასწავლებელში ბევრი გამორჩეული პიროვნება ასწავლიდა , მათ შორის დიდაქტიკის მასწავლებელი–––ლაზარე ხმალაძე , რუსული ენის მასწავლებელი–ელენე ხელთუფლიშვილი და ფრანგული ენის მასწავლებელი– მარიამ ორახელაშვილი .
მენშევიკების ბატონობისას იმერეთის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზია ეწოდა . 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ქალთა ეპარქიული სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის მე–9 შრომის სკოლა , 1933 წელს მე– 19 შრომის სკოლა დაერქვა. 1943 წელს ქალთა მე– 5 საშუალო სკოლა .
1954-55 წელს ქალთა და ვაჟთა ერთად სწავლებასთან დაკავშირებით ქალთა V სკოლას მე– 12 საშუალო სკოლა, რომლის დირექტორად დაინიშნა ედუარდ თავაძე იგი სკოლას ხელმძღვანელობდა1985 წლამდე . მისი თაოსნობით სკოლა ერთ–ერთ პრესტიჟულ სკოლად იქცა ქუთაისის სინამდვილეში . 1968 წლის 1 სექტემბრიდან სკოლამ მუშაობა დაიწყო ახალ სამსართულიან შენობაში , რომელსაც 18 საკლასო ოთახი და კეთილმოწყობილი ქიმიის ,ფიზიკის , ბიოლოგიის , გეოგრაფიის კაბინეტ– ლაბორატორიები ჰქონდა .
მოამზადა: სალომე გორგოძემ,
ნანა იგნატენკომ.














Комментариев нет:

Отправить комментарий