среда, 11 февраля 2009 г.

ბალახვანი

მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქის გარეუბნების ერთი ნაწილი ცენტრს საკმაოდ მოშორებული იყო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, კერძოდ კი ბალახვანი, უშუალოდ ეკვროდა ქალაქს, იმავე სახელწოდების ქუჩით უკავშირდებოდა მის ცენტრსა და ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებით ცხოვრობდა.
1921 წელს ბალახვნის ქუჩას სახელწოდება შეუცვალეს და საქართველოს ბულბულის აკაკი წერეთლის სახელი უწოდეს. ძველი ბალახვანი იწყებოდა წერეთლის ქუჩაზე მდებარე მუსიკალური სასწავლებლიდან და გრძელდებოდა აბრეშუმის საწარმოს მთავარ აღმართის დასაწყისამდე. კარგმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, მდინარე რიონთან სიახლოვემ ხელი შეუწყო ბალახვნის სწრაფ დასახლებას, ქალაქის ერთ–ერთ მთავარ სავაჭრო–საკვანძო უბნად მის გადაქცევას.
ძველი ბალახვანი მდიდარი იყო სავაჭრო საყოფაცხოვრებო ობიექტებით ანუ დარაბებით. ქალაქის ერთ–ერთი უძველესი უბანი ბალახვანი ასე წარმოგვიდგება: უბნის დასაწყისში მუსიკალური სასწავლებლის წინა მხარეს (დღევანდელი უზნაძის ქუჩის დასაწყისში) მდებარეობდა ბიჭია ურაკაძის სავაჭრო, ხოლო მის გვერდით პეტრე ოხიპოვის ცნობილი საკონდიტრო საცხობი მოქმედებდა. 1876 წელს ფრანგ მეღვინეს შოტიეს ბალახვნის ქუჩაზე აუგია პატარა სარდაფი, სადაც ყოველწლიურად 2000 ბოთლამდე შამპანიურს და ღვინოს ამზადებდა.
ის ადგილი, სადაც დღეს წერეთლის ქუჩაზე ტაქსების გაჩერებაა, ადრე ცნობილი იყო ბალახვნის ცენტრის სახელწოდებით. იქვე იყო ტრანსპორტის ბირჟაც, სადაც დგებოდნენ სხვადასხვა მხარეს მიმავალი მეფაიტონეები, მეფურგუნეები, მეურმეები და სხვები. ხშირად ბალახვნის ბირჟას ბაღდათის ბირჟის სახელწოდებით იხსენიებდნენ. მაშინ ბალახვანში ცნობილი მეეტლეები იყვნენ მამა–შვილი თევდორე და ჭუჭია კოსტავები, იოსებ ჩიხლაძე, ისიდორე ეფრემიძე, ივანე სულაძე და სხვები. ამ უკანასკნელს მეტსახელად " ჩობანას " ეძახდნენ, რადგან ხშირად არღანზე დაკრული ჩობანას მოსმენა უყვარდა. ტრაგიკული ბედი ერგო " ჩობანას ", ერთხელ თავისი ეტლით სოფელ მექვენასთან მდინარე რიონში გადაიჩეხა და უგზოუკვლოდ დაიკარგა.
იქ, სადაც ახლა ქალაქის მე–12 სკოლაა, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ყოფილა ვრცელი ტერიტორია, რომელიც რუს მემამულეს სერგო სტრიუცკის ეკუთვნოდა. მე–12 სკოლის წინ , სადაც მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლია აშენებული, ადრე ცნობილი იყო მადნის ანუ საქონლის ბაზრის სახელწოდებით. აქ ხდებოდა პირუტყვის ყიდვა–გაყიდვა, პარალელურად მოსახლეობას შეეძლო შეეძინა შეშა და სასოფლო– სამეურნეო პროდუქტები.
საუკუნის დასაწყისში გამოცოცხლდა ბალახვნის კულტურულ– საგანმანათლებლო საქმიანობა. უბნის მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს ქალაქის გამგეობას, რომ უბანში პირველდაწყებითი სკოლა გაეხსნათ, მაგრამ უსახსრობის გამო უარი უთხრეს.
1914 წელს ბალახვნის ქუჩის მცხოვრებლებს გუბერნატორმა ნება დართო შეკრებილიყვნენ ქალბატონ მ.გაბუნიას სახლში, უბანში ბიბლიოთეკა სამკითხველოს გახსნასთან დაკავშირებით.
ბალახვნის ქუჩაზე №51 სახლში,რომელიც ვასილ აბდალაძეს ეკუთვნოდა 1910 წლებში გამოდიოდა გაზეთი " სიტყვა". ამ ქუჩაზე გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი მშფოთვარე დღეები პოეტმა მამია გურიელმა.

ბალახვანში აღიზარდა არაერთი სახელოვანი ადამიანი , რომელმაც ნათელი კვალი დააჩნიეს საქართველოს, კერძოდ ქუთაისის ისტორიას, რაც შეეხება დღევანდელ ბალახვანს, იგი ქალაქის ერთ–ერთი კოლორიტული და კეთილმოწყობილ უბანს წარმოადგენს. ქუთაისში აკაკი წერეთელი ხშირად ბალახვნის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ფრანციში " ცხოვრობდა. ამდენად თუ ყოველთვის არა , დროდადრო მაინც ითვლებოდა ბალახვნელად. ამიტომაც უწოდეს ყოფილ ბალახვნის ქუჩას მისი სახელი.
ბალახვანში აგრეთვე წარმოებდა ღვინის ქარხანა, სადაც ამზადებდნენ ღვინოს და შამპანურს, ღვინის ქარხნის გვერდით, მდინარე რიონზე , იქ სადაც დღეს მეოთხე ხიდია, მოქმედებდა ბალახვნის ცნობილი ბორანი, რომელიც ზამთარ–ზაფხულ მთელი დატვირთვით მუშაობდა. ბორნის მუშაობის გრაფიკი და გადასახადი ფასი, ქალაქის გამგეობის მიერ იყო დამტკიცებული.

მოამზადა: მეგი ფიფიამ,
ლანა მაისურაძემ,
მარი ჩირგვილაძემ.

2 комментария:

  1. მოგესალმებით. აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ გაწეული მუშაობით.... ყველამ იცის ქუთაისის ისტორიული ფასი, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ახალი აღმოვაჩინე და ეს ძალიან სასაიმოვნოა... ამ პროექტის მიზანიც ხომ ეს არის. დარწმუნებყული ვარ, ბევრი მიიღებს ასეთივე სიამოვნებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ მოსწავლეებს, მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს და მჯერა თქვენი პროექტის ”ნათლობა” კვლავაც წარმატებით გაგრძელდება...

    ОтветитьУдалить
  2. აღფრთოვანებული ვარ ბლოგითშ მე ბალახვანში ვცხოვრობშ მოხარული ვარ ჩემი უბნუს ისტორიის გაცნობით წარმატებებს გისურვებთ

    ОтветитьУдалить